ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პარლამენტარებსა და ხელისუფლებას მიმართავს, იყვნენ ამბიციურები, რადგან შესაძლებლობების კარი იღება და იკეტება.
მისი თქმით, ქვეყანამ ასოცირების შეთანხმებით გათავალისწინებული რეფორმები უნდა გაატაროს, რადგან ის საზოგადოებისთვის სარგებლიანია.
“მინდა საქართველო წავახალისო, რომ იყოს ამბიციური. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, რომ შეიტანოს განაცხადი, მაგრამ გაფართოება ეს არის ცალკე საკითხი აღმოსავლეთ პარტნიორობასთან შედარებით. ასოცირების შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინტეგრაციისკენ სწრაფვის პროცესში, მაგრამ ასოცირების შეთანხმება ავტომატურად არ არის სტატუსი, ამ პროცესთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული. ეს პროცესი დამოკიდებულია სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ კრიტიკული მნიშვნელობის გახლავთ ქვეყნის მზადყოფნა.
ფილოსოფიურად ვიტყოდი – შესაძლებლობის კარი იღება და იკეტება, ძალიან დიდი ხანი შეიძლება მოგიწიოს ლოდინი შემდეგ ჯერზე კარის გაღებისთვის. მნიშვნელოვანია, გქონდეთ ამბიციური მიდგომა, რეფორმების უმრავლესობა, რომელიც გახლავთ ასოცირების შეთანხმების ნაწილი, სარგებლის მომტანია საქართველოსთვის ბიზნეს კლიმატისთვის, საზოგადოებისთვის. ეს რეფორმები სარგებლიანია და ღირს მათი გატარება მაშინაც კი, თუ ამას შევხედავთ ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებისგან დამოუკიდებლად”,– განაცხადა სვენ მიკსერმა.
მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს რჩევებს აძლევს და ეხმარება სასამართლო რეფორმის გატარებაში, თუმცა პროცესი დამოკიდებულია ქართველ კანონმდებლებზე.