ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თვლის, რომ პოლონელმა ექიმმა სააკაშვილის ნიმუშის სამედიცინო დაწესებულებიდან ფარულად გამოიტანა, შესაძლოა, გაყალბებისა და მანიპულაციის მიზნით სცადა.
როგორც კობახიძე ამბობს, საკითხზე პოლონეთის ხელისუფლებამ განმარტება უნდა გააკეთოს.
„ამას ერთადერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ეს არის გაყალბება. არა ექსპერტული გადმოსახედიდან, მგონია, რომ მხოლოდ გაყალბებისთვის შეიძლება გამოიყენო ნიმუშები, რომელიც ერთ-ერთმა ექიმმა ფარულად წამოიღო. ამასთან დაკავშირებით განმარტებები უნდა მოვისმინოთ, მათ შორის პოლონეთის ხელისუფლების მხრიდანაც. როგორც ვიცი, მათი ინიციატივა იყო საქართველოში ამ ექიმები ჩამოსვლა. მათ დასჭირდებათ ოფიციალური განმარტების წარმოდგენა, რა მოხდა, რატომ მოხდა. ეს სერიოზულ მოკვლევას საჭიროებს. აშკარად ვხედავთ, რომ მანიპულაციის მცდელობა იყო. სხვა მიზნით როგორ უნდა გამოიყენო ეს ნიმუშები, არ ვიცი“,- განაცხადა კობახიძემ.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტთან ოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და კადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა „გაუგებარ ინციდენტს“, კერძოდ, მსჯავრდებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. ამასთან, უწყება განმარტავს, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება „ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად მატებს ბუნდოვანებას”.