“თუ მოვახდენთ უკრაინაში ომის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ ჩვენი ხელისუფლების განცხადებების სისტემატიზირებას, შესაძლოა, დავინახოთ მწყობრი პოლიტიკური ლოგიკა, რომელიც კარგ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება (არგაღიზიანების პოლიტიკა, “ომი გინდათ” ნარატივი), ცუდ შემთხვევაში კი სრულად ჯდება რუსულ პროპაგანდისტულ ხაზში.
მარტო კობახიძის გუშინდელი განცხადება რად ღირს უკრაინის ხელისუფლების “დენაციფიკაციის” თაობაზე, ღარიბაშვილის მუდმივი განცხადებები, რომ ეს უკრაინის ომია და ჩვენ არ გვეხება და ა.შ. აღარაფერს ვამბობ მათი პრომოუტერების მხრიდან უკრაინის მტრად გამოცხადებაზე, ოხანაშვილის წარმოუდგენელ განცხადებაზე…
ეს ყველაფერი ინიღბება ფორმალური, რიტორიკული მხარდაჭერით, პულტზე ხელის მიჭერით 100 სხვა ქვეყანასთან ერთად და უკრაინის დროშის გამოფენით.
თუ მთელ სურათს გადავხედავთ, ვიღაცამ ამ ყველაფერში შესაძლოა დაინახოს “უკრაინის დროშას ამოფარებული რუსეთი”.
ახლა მთავარი – აღწერილი სურათის ფორმირებაში ჩართული ადამიანები ამას შეგნებულად აკეთებენ, თუ არა?
მე ვფიქრობ, რომ მათი უმრავლესობა ვერ ხედავს დიდ სურათს და უბრალოდ მიყვება ზემოდან დაშვებულ ინსტრუქციას. უფრო მეტიც, მათ გარკვეულ ნაწილს სჯერა კიდეც, რომ უკრაინას უჭერს მხარს.
თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ვინც იცის როგორ მუშაობს სისტემა, ის ადვილად მიხვდება, რომ ასეთი მატრიცის შექმნა სავსებით შესაძლებელია და აი რატომ: სადღაც ხდება ე.წ. “მესიჯის” ფორმირება, რომელიც ეგზავნება გამხმოვანებელს და ისიც იმეორებს მოწოდებულ ტექსტს, ისე რომ არც ფიქრობს იმაზე, თუ რას ამბობს და რატომ ამბობს.
ეს ხდება ყოველდღიურად, გამხმოვანებლების როტაციით. ისე, რომ ვერავინ დაინახოს სრული სურათი.
იქ კი, სადაც “მესიჯის” ფორმირება ხდება, კაცმა არ იცის რა ხდება და ვინ რა ინტერესს ემსახურება…”
წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ქართულ ოცნებაზე”.