შესაძლოა, ნიღბის ტარება კარგა ხანს დაგვჭირდეს, ამას უნდა შევეჩვიოთ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, შესაძლებელია, რომ ნიღბების ტარება კარგა ხანს დაგვჭირდეს.

როგორც გამყრელიძე ამბობს, არ არის აუცილებელი ეს იყოს სამედიცინო ნიღაბი, მას ახლა ,,სოციალური ნიღაბი” დაერქვა.

,,ნიღბის ტარება დაგვჭირდება, შესაძლებელია, კარგა ხანს, დიდი თავყრილობების დროს და ამას უნდა შევეჩვიოთ. ხაზს ვუსვამ, ეს არ იქნება აუცილებლად სამედიცინო ნიღაბი, ახლა სოციალური ნიღაბი დაერქვა. ხშირად სახლშიც შეიძლება, შეკეროთ ასეთი ნიღაბი. თუ არა, არის მარლის ნიღბები. როცა ახალგაზრდა ექიმი ვიყავი, არ იყო სამფენიანი და ოთხფენიანი ნიღბები, რომელზედაც ერთი ამბავია. მშვენივრად ვიყენებდით საოპერაციოებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებში მარლის ნიღბებს”, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 416 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 107 გამოჯანმრთელდა, 5 გარდაიცვალა.