„ქართული ოცნება“ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.
როგორც მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოს სხდომაზე მიიღეს, თუ ძალაში დარჩება და საბოლოო იქნება, შესაძლოა, გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებს არ მოეწონოთ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის თაობაზე პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას მხარი უნდა დაუჭიროს საპარლამენტო უმრავლესობამ, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ და საბოლოო პოზიცია სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
„დღეს მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების პროექტზე გითხრათ. ამ პროექტს სჭირდება ხვალ უმრავლესობის ასეთივე პოზიციის დაფიქსირება. თუ ჩვენ ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად ჩამოვყალიბდით გარკვეულ პოზიციაზე, რომელიც ხვალ უნდა წარვუდგინოთ უმრავლესობას, ეს ასევე უნდა აისახოს საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნების“ უმრავლესობის გადაწყვეტილებაში. საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ სხდომის შემდეგ გამოვაცხადებთ.
შესაძლოა, ჩვენი ოპონენტების ნაწილს ჩვენი გადაწყვეტილება, თუ იგივე დარჩა, რაც იქნება გამოტანილი საბოლოო ჯამში, არ მოეწონოს. მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში იმის საპირისპიროდ, რასაც ტელეეთერებში ვხედავდით, რომ ისინი გაგულისებულები და საკმაოდ მაღალ ტონში საუბრობდნენ იმაზე, რომ უნდა შევწყვიტოთ უფლებამოსილება, რადგან მათი ნება ასე იყო გამოხატული, ამის საპირისპირო მოქმედებებს ვხედავდით როგორც კულუარებში, ასევე ოპოზიციის მედია საშუალებებში, ყველა დეპუტატის პირადი მოსაზრების დონეზე იყვნენ დაინტერესებულები, რას ფიქრობდნენ ამის შესახებ. გამოჩნდა, რომ იმ ოპოზიციურ პარტიებში, რომლებიც ასე დაჟინებით ითხოვდნენ, რომ შეუწყდეთ უფლებამოსილება ძალიან დიდი ნერვიულობაა“,- განაცხადა მდინარაძემ.
ხვალ, 2 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება, რომლის პირველი პლენარული სხდომის ერთადერთი საკითხი 51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაა.