შესაძლოა, რუსეთი მარიუპოლში საზღვაო-სადესანტო ოპერაციისთვის ემზადება – უკრაინა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, რომ შესაძლოა, ოკუპანტები  მარიუპოლში საზღვაო-სადესანტო ოპერაციისთვის ემზადებიან.

“მტერი განაგრძობს საჰაერო დარტყმებს მარიუპოლზე. ჩაატარა თავდასხმის ოპერაციები საზღვაო პორტთან ახლოს.

810-ე და 155-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის ნაწილები სადესანტო ოპერაციისთვის ემზადებიან. ინფორმაცია ამ წუთებში ზუსტდება”,– წერს გენშტაბი.

შესაძლო ოპერაციის შესახებ ისაუბრა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმაც.

“ჩვენ ვამოწმებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მტერი შესაძლოა საზღვაო-სადესანტო ოპერაციისთვის ემზადება”,– თქვა მალიარმა.

ცნობისთვის, მარიუპოლი პირველი მარტიდან ბლოკადაშია მოქცეული, რუსები მას გამუდმებით ბომბავენ და ცდილობენ ქალაქზე სრული კონტროლის დამყარებას. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის ცნობით, მარიუპოლში რუსული ჯარების დაჯგუფება მკვეთრად შესუსტდა.

“მეთაურებმა უკვე გამოიყენეს ყველა საშუალება ბრძოლაში. მაგრამ აზოვსტალში არის ისეთი თავშესაფრები და მიწისქვეშა შესაძლებლობები, რომლებსაც ტუ-22-ებიც კი ვერ უმკლავდებიან”, – თქვა არესტოვიჩმა.

რუსეთი აზოსტილის ქარხანაში გამაგრებულ უკრაინელ მებრძოლებს დანებებისკენ მოუწოდებს.