უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, რუსეთს უარი არ უთქვამს აზოვსტალის ქარხანაში უკრაინელი დამცველებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გეგმაზე.
“ქიმიური იარაღი შეიძლება გამოიყენონ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც იმყოფებიან აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე. უახლესი მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს შორის მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, შესაძლოა განხორციელდეს უკრაინელი დამცველებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების გამოდევნა”,– აცხადებს დაზვერვა.
მათივე ცნობით, ამ მიზნით რუსეთის ხელმძღვანელობა გეგმავს აზოვსტალის მომწამვლელი ნივთიერებით დაბომბვას, ამავდროულად კი “რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების” რუსული ქვედანაყოფები ქიმიურ იარაღთან ერთად აეროზოლებს გამოიყენებენ.
“ცნობილია, რომ მედიაში გამოქვეყნებულ თავდაცვის მინისტრთან საუბრის ვიდეოში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სიტყვები კონტექსტიდან ამოგლეჯილია. ფრაზა საწარმოს მისადგომებთან ალყის შესახებ, რომ “ბუზი არ გაფრინდეს“ კონტექსტში უნდა იქნას მიღებული – არ მივცეთ ცოცხალს საშუალება, გამოვიდეს კატაკომბებიდან. კერძოდ, ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ”,– აცხადებს დაზვერვა.
უწყების განმარტებით, კრემლის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების დამატებითი მტკიცებულებაა, რომ რუსეთი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინაში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ხელმისაწვდომობის შესახებ.