შესაძლოა, 5 დღეში, თემურ ქათამაძე საქართველოდან იძულებით გააძევონ – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრისგანცხადებით, შესაძლოა, ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე 5 დღეში იძულებით გააძევონ საქართველოდან.

სოციალური სამართლიანობის ცენტრიშსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს მოუწოდებს, საქართველოდან თემურ ქათამაძის იძულებითი გაძევება არ დაუშვას. ქათამაძის საქმეზე სასამართლო დავები ეროვნულ დონეზე უკვე დასრულდა და 5 დღის შემდეგ, შესაძლოა, მიგრაციის დეპარტამენტმა ის იძულებით გააძევოს საქართველოდან […]

თემურ ქათამაძეს ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებისთვის 5-დღიანი ვადა აქვს, თუმცა, იმის გამო, რომ მისი თურქეთის პასპორტი ვადაგასულია (და მას პრაქტიკულად მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აქვს), ის ამ უფლებით პრაქტიკულად ვერ სარგებლობს.

ნებაყოფლობით ქვეყნის დატოვების საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ განცხადებით მივმართეთ მიგრაციის დეპარტამენტს და მოვითხოვეთ, ოფიციალურად მოეწოდებინათ ინფორმაცია იმ დოკუმენტების შესახებ, რომელთა წარდგენაც აუცილებელია იმისთვის, რომ თემურ ქათამაძემ შეძლოს საქართველოს ნებაყოფლობით დატოვება იმ ქვეყნის მიმართულებით, სადაც თურქეთის რესპუბლიკის პირადობის მოწმობით შესვლა დასაშვებია. მიგრაციის დეპარტამენტს ამ წერილზე ამ დრომდე პასუხი არ გაუცია, რაც ქათამაძისთვის მნიშვნელოვნად ართულებს ქვეყნიდან ნებაყოფლობით გასვლის უფლების რეალიზებას. ამ პირობებში, შესაძლოა, თემურ ქათამაძე იძულებული გახდეს თავად წავიდეს თურქეთში, ან 5 დღის ვადის ამოწურვის შემდეგ, მიგრაციის დეპარტამენტის იძულებით ღონისძიების ფარგლებში გაძევდეს თურქეთში.[…] სამწუხაროდ, ქართული მართლმსაჯულების სისტემამ ვერ შეძლო ბათუმელი მედროშის უფლებების დაცვა და მისი სათანადო დაცვა თურქეთში დეპორტაციის შემთხვევაში ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მაღალი რისკებისგან.

ამის საპირისპიროდ, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და სასამართლოებმა კოორდინირებულად უგულებელყვეს მისი ინტერესები და მოთხოვნები. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია და საბოლოოდ თემურ ქათამაძემ შეძლო ოფიციალური საქმის მასალების წარდგენა იმ ახალი გარემოებების შესახებ, რომელიც კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩენს თურქეთში მის მიმართ პოლიტიკური დევნისა და ფუნდამენტური უფლებების შელახვის რისკებს, არც სასამართლომ და არც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა ეს გარემოებები მხედველობაშიც კი არ მიიღო”. – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.