შესაძლო გაუპატიურებაზე საუბარი უფლებების დარღვევა არაა? – მეუფე ნიკოლოზი პანსიონზე

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ როდესაც სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში შესაძლო გაუპატიურებაზე საუბრობს, ამით ბავშვების უფლებები ირღვევა.

“მე მაინტერესებს, რას ფიქრობს ომბუდსმენი, ეს არ არის ბავშვთა უფლებების დარღვევა, როდესაც შესაძლო გაუპატიურებაზე ვლაპარაკობთ? ყველა ბავშვი, ვინც იქიდან გამოვა დაღდასმული იქნება, რომ შესაძლო გაუპატიურების მცდელობის დაწესებულებაში იზრდებოდა. ამ ბავშვებს არ უნდა გავუფრთხილდეთ?, – ამბობს მეუფე რუსთავი 2-ის ეთერში.

მისივე განცხადებით, დამნაშავე გამოძიებამ უნდა დაადგინოს და დასაჯოს.

“თუკი 2016 წლიდან ეჭვია, რომ ვინმე გააუპატიურეს იქ, 2021 წლამდე ამისთანა რა გამოძიება მიდის. დაადგინონ, დაადონ დამნაშავეს ხელი და დასაჯონ, რაც სახელმწიფო პირდაპირი ვალდებულებაა”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

გუშინ, 2 ივნისს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაუპატიურების სავარაუდო ფაქტიც მოხდა, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცავები ასევე იძიებენ შესაძლო ძალადობის 3 ფაქტს.

სახალხო დამცველს პანსიონში შესვლის და მონიტორინგის ჩატარების საშუალება არ ეძლევა, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა.