შესაძლო სცენარების უმრავლესობაში რუსეთი კიდევ უფრო დიდი საფრთხე გახდება–ბრიტანეთის გენშტაბის ახალი უფროსი

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაურის, გენერალ პატრიკ სანდერსის თქმით რუსეთი, სავარაუდოდ უკრაინასთან ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოებისთვის კიდევ უფრო დიდი საფრთხე იქნება. ამის შესახებ ბრიტანული Times წერს.

სერ პატრიკ სანდერსი, რომელიც ამ პოსტს ორი კვირაა იკავებს, აცხადებს, რომ რუსეთისთვის დამახასიათებელი გამძლეობა ნიშნავს, რომ ის შეიძლება დამარცხდეს ნებისმიერი რაოდენობით კამპანიებში, ბრძოლებში და ომებში, მაგრამ შემდეგ აღდგება და საბოლო ჯამში თავისას მიაღწევს.

სანდერსის თქმით, თუ გავითვალისწინებთ პუტინის სწრაფვას, “ისტორიული რუსეთის“ მიწები აღადგინოს, ნებისმიერი პაუზა დროებითი იქნება, საფრთხე კი შეიძლება უფრო მწვავე გახდეს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამარცხებების შემდეგ საკუთარ შესაძლებლობებს აღადგენს.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ რუსეთი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, რაც მას საშუალებას აძლევს ახლა ნელა, მაგრამ სტაბილურად წაიწიოს წინ უკრაინის აღმოსავლეთში.

სანდერსი, რომელიც ლონდონში, გაერთიანებული ძალების სამეფო ინსტიტუტში გამოვიდა სიტყვით, იხსენებს, რომ რუსეთისთვის ომები არაერთხელ დაწყებულა ცუდად.

“ისტორია მოწმობს, რომ არმიები, რომლებმაც მარცხი განიცადეს უფრო სწრაფად სწავლობენ“– თქვა მან მისი პირველი საჯარო გამოსვლისას ბრიტანეთის არმიის გენშტაბის უფროსის და მეთაურის რანგში.

“ჩვენ ჯერ არ ვიცით, რით დამთავრდება ომი უკრაინაში, თუმცა სცენარების უმრავლესობაში რუსეთი კიდევ უფრო დიდი საფრთხე იქნება ევროპული უსაფრთხოებისთვის ამ ომის შემდეგ, ვიდრე ომამდე იყო“– თქვა მან.

Times აღნიშნავს, რომ სანდერსის განცხადება ეწინააღმდეგება ოფიციალური პირების შეფასებებს, რომლებიც რუსეთის სამხედრო პოტენციალზე არცთუ კარგი აზრის არიან და მიუთითებენ რუსეთის უდიდეს დანაკარგებზე უკრაინაში როგორც ტექნიკის, ასევე ცოცხალი ძალის თვალსაზრისით.

56 წლის გენერალი გვაფრთხილებს, რომ ბოლო დროს არ ყოფილა მშვიდობისა და დემოკრატიისთვის ასეთი საფრთხე, რაც პუტინის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ არსებობს და ხაზს უსვამს, რომ ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მიზანი ევროპაში ომის გავრცელების აღკვეთაა.

სანდერსი მიმდინარე მოვლენებს “ახალ 1937 წელს უწოდებს“ და ამბობს, რომ ბრიტანეთის არმიამ სწრაფად უნდა იმოქმედოს და შექმნას გარანტია, რომ გაერთიანებული სამეფო არ იქნება ომში ჩათრეული იმის გამო, რომ ვერ შეაჩერა რუსული ექსპანსია.