ტვ პირველის საგამოძიებო რეპორტაჟის თანახმად, ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში არსებული ვიდეო ჩანაწერები, სავარაუდოდ ერთი დღის არ არის, ხოლო კადრებში დაფიქსირებული პირი (მოწმე), სხვადასხვა ადამიანია.
ამავე რეპორტაჟის მიხედვით, შსს-მ ლაშქარავას საქმეზე 11 ვიდეო გამოაქვეყნა, თუმცა არცერთ მათგანს თარიღი არ ჰქონია. ჩნდება კითხვა, ნამდვილად 10 ივლისით თარიღდება თუ არა კადრები, რომელიც გომელაურის უწყებამ მეორე დღესვე გაასაჯაროვა.
აღსანიშნავია, რომ სათვალთვალო კამერა ჩვეულებრივ შემთხვევაში თარიღსა და დროს ზუსტად აღრიცხავს. ამას ადასტურებენ ვიდეოკადრების გამცემი პირები, რომლებიც ამბობენ, რომ ყველა ვიდეოს თარიღი ჰქონდა.
ლექსო ლაშქარავას დედის თინათინ კახიძის განცხადებით, ადგილზე მყოფი პოლიციელები მას შვილის გარდაცვალების ვერსიებს აცნობდნენ და ერთ-ერთად მოწამვლის ვერსია უთხრეს. ლაშქარავას დედა იხსენებს, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი მოწამვლის ვერსიაში მის დარწმუნებას ცდილობდა.
კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ წაუღია ლაშქარავას ის ტანსაცმელი, რომელიც უწყების ვერსიით ტვ პირველის ოპერატორს, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეცვა. თავად გარდაცვლილი ოპერატორის დედა ამბობს, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღეს სულ სხვა ტანსაცმელი ეცვა.
გარდა ამისა, ვიდეოკადრებში ნაჩვენები ლექსო ლაშქარავას მეგობარი, რომელთან ერთადაც ის ქალაქში გადაადგილდება და ის ადამიანი, რომელიც კლინიკაში თითქოსდა ნარკოტიკის ზედოზირების გამო ნარკანს თითქოსდა ლექსოსთვის ითხოვდა, აშკარად სხვადასხვა ადამიანია.
სიუჟეტი მომზადებულია შაბათის ერთიანი ეთერის ფარგლებში. ავტორი: TV პირველის ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე