რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები წააგო.
მისივე თქმით, დამკვირვებლებმა არჩევნებზე დაკვირვებაზე უარი თქვეს.
“აი იმ დამკვირვებლების არყოფნის პირობებში, რომლებსაც დასავლეთი დამოუკიდებელ დამკვირვებლებად მიიჩნევს, ძალიან რთულია ვინმე დაარწმუნო, რომ არჩევნების შედეგები გაცხადებული შედეგებისგან განსხვავდება. იმის დამტკიცება, რომ ლუკაშენკომ არჩევნებში წააგო, იმის ფონზე, რომ დამკვირვებლებმა მოწვევაზე უარი თქვეს, შეუძლებელია. მიმაჩნია, რომ ეს [არჩევნებზე არდასწრება], დიდი შეცდომა იყო”, – განაცხადა რუსეთის საგარეო მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი გამოდის მოწოდებით, რომ ბელარუსში ფართო ეროვნული დიალოგი დაიწყოს.
ბელარუსში ამ წუთებში 100 ათასი ადამიანი არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. საპროტესტო მანიფესტაციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს.
ათასობით ბელარუსიის მოქალაქე არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს.