“შეუძლებელია, ნუ გეწყინებათ” – თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას ნატოში მხარს არ დაუჭერს.  მან ასევე განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის გადასაბირებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ.

“შვედ და ფინელ საგარეო საქმეთა მინისტრებს შეუძლიათ არ შეიწუხონ თავი თურქეთში ჩამოსვლით, ნატოში გაწევრიანების განაცხადის მხარდასაჭერად”,- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ვერ დათანხმდება მათ გახდნენ ნატოს წევრები, მაშინ, როდესაც თურქეთისთვის სანქციები აქვთ დაწესებული.

“თურქეთი ვერ იტყვის დიახ-ს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე. შეუძლებელია, ნუ ეწყინებათ” – აღნიშნა ერდოღანმა.

ფინეთმა და შვედეთმა თურქეთისთვის თავდაცვის პროდუქტების მიწოდებაზე სანქციები 2019 წელს სირიაში სირიის დემოკრატიული ძალების (ქურთების) წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ დააწესეს.