მიშა მშვილდაძემ პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქციაზე შეკრებილებს მიმართა და მოუწოდა საზოგადოებას, მივიდნენ ოქტომბრის არჩევნებზე, რათა პრორუსული მთავრობა შეიცვალოს.
“ვდგავართ აქ და ვამხნევებთ ერთმანეთს და ეს არის მთავარი დღეს. ჩვენ შევძელით შეგვექმნა ადგილი სადაც განსხვავებების მიუხედავად, ყველა ადამიანი იპოვიდა სივრცეს თავის აზრისთვის, თავისი ინტერესისთვის. ეს ბრძოლა არის წარსულსა და მომავალს შორის. შეუძლებელია ბიძინამ და რუსეთმა გაიმარჯვოს, იმიტომ რომ წარსულია უკვე ეს. თითოეული თქვენი ხმა იქნება მნიშვნელოვანი არჩევნებზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ რუსეთის მონობაში მყოფი ხელისუფლება.
როგორც ბატონს ყმების მიწაზე, ისე უნდა ეპარპაშა გავრილოვს – ეს რომ გავაპროტესტეთ, მოხდა სამარცხვინო რამ. სპეცრაზმმა ძალადობით დაარბია აქცია. მერე გვახსოვს ცინიზმის ერთი წელი, როგორ გვითვლიდნენ, დაგვისიეს პროპაგანდა. მთავარი, რასაც ვაჩვენებთ და ვაჩვენებდით, ისაა, რომ არ შევეგუებით, რაც უნდა შავი პიარის ტექნოლოგიების სპეციალისტი ჩამოიყვანონ, წყალი გვასხან – სიგიჟეები, რაც უნდა მოხდეს.
ხომ ყველამ ვიცით, რატომ ვართ აქ და რომელი ბრძოლა გრძელდება. თითქოს სახელმწიფო გადატრიალებას ჰქონდა ადგილი და ეს აღკვეთეს. ვდგავართ დღესაც აქ და ვამხნევებთ ერთმანეთს. შევქმენით ადგილი, სადაც ყველა იპოვიდა თავის სიტყვას, აზრს, იდეას, რისთვისაც ბრძოლა ღირს – ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ეს არის ბრძოლა წარსულსა და მომავალს შორის, შეუძლებელია წარსულმა და ბიძინამ, გახარია, რუსეთმა გაიმარჯვოს – ეს უკვე წარსულია.
მთავარი ბრძოლა იქნება არჩევნების დღეს – ყველას ვალია, მივიდეთ და აზრი დავაფიქსიროთ, ვეგუებით პრორუსულ ხელისუფლებას? შემდეგ არჩევნებზე დაგვხვდება ოპოზიციურ პარტიათა მრავალფეროვნებათა – შეგვეძლება ავარჩიოთ მარტივ ფუნდამენტზე მდგომი ძალა, რომ ეს ქვეყანა არის დამოუკიდებელი, სხვას ყველაფერს გადავწყვეტთ ხმათა უმრავლესობით.
ყველას უნდა გვახსოვდეს – ძალა ერთობაშია.
როცა გაგვახსენდება შარშანდელი დღეები, ვიქნებით ამაყები, რომ ვიდექით ისტორიის სწორ მხარეს. ჩვენ ვიბრძვით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის – ესაა ერთადერთი პირობა, რომ ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო, საიდანაც ხალხი არ გარბის”, – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.