პარტია “დროას” ლიდერი, თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ეხმიანება ირაკლი ღარიბაშვილისა და კახა კალაძის განცხადებებს, რომ ქართულ ოცნებას საკრებულოში უმრავლესობა აქვს, ამიტომ ოპოზიციონერი მერები ვერ შეძლებენ პრობლემების მოგვარებას.
ხოშტარიას თქმით, ხელისუფლება ვერ დაბლოკავს ადამიანების ინტერესების მსახურებას, რადგან მათ არც ინსტიტუციური და არც პოლიტიკური ბერკეტები არ გააჩნიათ.
“რასაც საუბრობს ქართული ოცნება, რომ არ დაამტკიცებენ [ოპოზიციის მთავრობას], რაღაც საბოტაჟს მოაწყობენ, ასე ვერ მოხდება ორი მიზეზის გამო: მათ ინსტიტუციური ბერკეტებიც არ გააჩნიათ. არ დაამტკიცებენ, 3 თვე მაინც შეიძლება დაამტკიცო და დაიწყო საქმის კეთება. კონსტიტუცია არ იძლევა იმის უფლებას, რომ ღარიბაშვილს როგორც მოუნდება, სულ ასე იყოს.
მეორე, პოლიტიკური კლიმატი იმდენად შეიცვლება, იმდენად საქმის კეთებაზე ვართ ორიენტირებული და არა საბოტაჟის გაღრმავებაზე, ან ვიღაცასთან კონფლიქტზე, რომ უბრალოდ შეუძლებელი იქნება, რომ ადამიანების ინტერესების მსახურება დაბლოკონ. ამიტომ ნურავის შეეშინდება არეულობის, პირიქით, მშვიდად მივიდეთ ბოლომდე და შევცვალოთ სიტუაცია”,– ამბობს ხოშტარია TV პირველის ეთერში.
გუშინ კახა კალაძემ თქვა, რომ ნიკა მელიას კოალიციური მთავრობა ქალაქის პრობლემებს ვერ მოაგვარებს, რადგან საკრებულოს უმრავლესობაში ქართული ოცნებაა. ოცნების კანდიდატი იმუქრება, რომ შესაძლოა მელიას პრობლემები შეექმნას, რადგან საკრებულომ უნდა დაამტკიცოს ბიუჯეტი და მელიას მიერ წარდგენილი სამსახურის უფროსები.