“ის, რასაც მოსამართლეს ვეტყოდი პროცესზე, რომ მიშვებდეს:
ორ თემას მინდა შევეხო:
პირველი არის ის, რომ მინდაძისთვის გითქვამთ შეგიძლია პრეზიდენტს სთხოვო შეწყალებაო. მოდი, კორექტულად ჩამოვაყალიბებ და ასე ვიტყვი: ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ აქ ერთი წამითაც არ უნდა ვიყოთ – საერთოდ არაფერი არსებობს ჩვენს წინააღმდეგ. მაგრამ რასაც მომისჯით, იმას მოვიხდი პატიოსნად და აქედან თავაწეული გავალ. შეწყალების თხოვნა კი 0.1%-ითაც არ განიხილება – ყველანაირად გამორიცხულია. არავის შეწყალება და როგორც ანდრომ თქვა – არავის ჰუმანურობა არ გვჭირდება. ეს თქვენ დაგჭირდებათ მალე ჩვენგან. თქვენ დააშავეთ ჩვენს წინაშე და არა პირიქით.
და იმის მიხედვით ნუ მიიღებთ უკანონო გადაწყვეტილებას, ქალბატონო მოსამართლე, რომ თითქოს მერე შეგვიწყალებენ – ამ ტვირთით მოგიწევთ ცხოვრება. სხვა ვერ გამოგისწორებთ. შეწყალების ფურცელი რომ მომიტანონ, გადავხევ. დაცინვაა – დაგიჭირონ არაფრისთვის და მერე კიდევ აქეთ დაგაწყებინონ თხოვნები.
ეს პირადად ჩემგან არასდროს მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მენატრებიან მშობლები, ბებო, დაიკო და მეგობრები.
ახლა მეორე საკითხი:
აქ ჩემი დამჭერი მოგიყვანიათ. იმედია, ცრუმოწმეობა მართლა ისჯება. აი, ყველაფერს შეიძლება მისცე რაღაც ინტერპრეტაცია, მაგრამ ის, რომ თითქოს ლისის ტბაზე დამაკავეს – სადაც ცხოვრებაში არ ვარ ნამყოფი – ხომ ყოვლად აბსურდია.
რეალურად იმ ღვთის პირიდან გადავარდნილ ადგილას, სადაც რატომღაც ადამიანის ჭაჭანება არ იყო, ცრუჩვენების გამოსაძალად წამიყვანეს – ამას საბოლოო სიტყვაში უფრო დეტალურად გავშლი.
ამ დროს უნამუსო ვაიპოლიციელი უტიფრად აცხადებს: “ლისზე დავიჭირე”, – პირველი შეკითხვა, რაც უნდა დამესვა, იყო: სად არის ლისის ტბა? ხომ ვერ მიმასწავლიდა გზას? ან რა ნომერი ავტობუსი მიდის იქამდე, ხომ ვერ მეტყოდა? – აწი მაინც ვიცოდე.
ან, ამ უდაბურ და უკაცრიელ ადგილას რა მინდოდა, როცა დილის 09:20-ზე ექიმთან ვიყავი, და თან ტელეფონში დედასთან მონაწერიც არსებობს, სადაც ვატყობინებ მეტროში ჩავდივარ ახლა და რუსთავში მოვდივართქო – ამის შემდეგ კი რატომღაც ვქრები. (რუსთავში მეტროთი არ მივდიოდი – სპორტის სასახლესთან უნდა გავსულიყავი.)
ცნობისთვის – რამდენიმე საათის მერე ერთ-ერთი დარეკვისას, ანერვიულებულ დედაჩემს ვიღაც ხეპრე ჩემი ტელეფონიდან უხეშად პასუხობს: “აწი აქ აღარ დარეკო!”
მოკლედ, ის ცრუმოწმე მოინიშნეთ, და როცა კანონი მართლა იკანონებს – ისევ დაიბარეთ, ოღონდ ბრალდებულის რანგში!”
წერია რეჟიმის პატიმრის, რეზო კიკნაძის მიერ გამოგზავნილ წერილში.