“შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია!” – თბილისში ხვალ აქცია გაიმართება

“შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია!!!” – ამ ლოზუნგით აქტივისტები, სამოქალაქო მოძრაობები და არასამთავრობო ორგანიზაციები ხვალ რიონის ხეობის მცველების მხარდასაჭერად თბილისში აქციას გამართავენ. აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან, 16:00 საათზე დაიწყება.

“მივმართავთ ყველას, ვინც ადევნებს თვალს იმ მძიმე და უსამართლო სურათს, რაც ახლა რიონის ხეობაში ხდება!!! მთავრობამ გუშინ დატრიალებული ტრაგედია გამოიყენა ინსტრუმენტად, რომ დაეშალა კარვების ბანაკი, სადაც 170 დღეა ხალხი სახელმწიფოს ღირსებას მათ მაგივრად იცავს. როგორც ჩანს ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს უსამართლო ნაბიჯი კი არ შეანელებს, არამედ გააძლიერებს წინაღმდეგობას!!!

შსს იყენებს ბინძურ მეთოდებს და ცრუ მიზეზებს, თითქოს წყლის ადიდების საფრთხეა, მაშინ როცა ადგილობრივების თქმით უშუალოდ კარვების ადგილზე არ არსებობს ეს საფრთხე ახლა; უდგამს ალკოჰოლით სავსე ჭიქებს კარვების დაშლისას მაგიდებზე გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ დაზაფრულ ხალხს, რომელსაც კარვების ტერიტორიაზე აკრძალული აქვს შინაგანაწესით ალკოჰოლის შეტანა.

მთავრობა ვერ გაიტანს ამ ბინძურ განზრახვას ხალხის წინააღმდეგ – ის ვერ შეაჩერებს ამ სამართლიან, სახალხო, ისტორიულ ბრძოლას! მოგიწოდებთ ყველას, ვინც ხვალ ვერ მოახერხებს გუმათში წასვლას, 16:00 საათზე შევიკრიბოთ მთავრობის კანცელარიასთან რიონის ხეობის მოსახლეობის მხარდასაჭერად და მოვითხოვოთ: შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია!!! ბრძოლას ვერ შეაჩერებთ!”,– წერენ აქციის ორგანიზატორები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, რომ რიონის ხეობის მცველების კარვები მოსალოდნელი დატბორვის გამო დაშალა.

აქტივისტები ამბობენ, რომ რიონი მათ საფრთხეს არ უქმნის, ეს კი გამოგონილი მიზეზია. მათი განცხადებით, შსს–მ კარვებში ალკოჰოლური სასმელი შეიტანა, რათა გუშინ, ერთ-ერთი აქტივისტის რიონში გადახტომა ახსნას და ამით მათი დისკრედიტაციაც მოახდინოს.