“შეწყვიტეთ ფორსირებულ რეჟიმში სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება”- არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებენ, შეწყვიტონ ფორსირებულ რეჟიმში სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება.
“ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, 19 აპრილის შეთანხმება, ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი, ცალსახად და არაორაზროვნად მიუთითებს ამბიციური სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე, მათ შორის, დოკუმენტში საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმის საჭიროებაზე და უზენაესი სასამართლოს კონკურსის შეწყვეტის აუცილებლობაზე.სასამართლოს სიღრმისეული რეფორმების განხორციელების გარეშე, ამგვარი მნიშვნელობის საკადრო გადაწყვეტილებების დაჩქარებულ ტემპში მიღება, უკიდურესად აზიანებს მართლმსაჯულების ინტერესებს. ვფიქრობთ, რომ საბჭოს ქმედებებმა მომავალში შესაძლებელია ლეგიტიმურობის საკითხი წარმოშვას ამ პირობებში დანიშნული მოსამართლეების მიმართ.
ცხადია ამგვარ გაბედულ ნაბიჯებს სასამართლოში არსებული ე.წ. კლანი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ გადადგამდა ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერის გარეშე. მმართველი პარტიის მიერ კლანის არსებობის იგნორირება და ზედაპირული, კოსმეტიკური რეფორმირების დაანონსება კიდევ ერთხელ მიუთითებს პოლიტიკური ნების არ არსებობაზე, სასამართლო სისტემაში განხორციელდეს თვისობრივი ცვლილებები და შესრულდეს დასავლელი პარტნიორების შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაში აღებული ვალდებულებები”, – ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს:
დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა და ამ მიზნით შექმნას სამუშაო ფორმატი, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ დაინტერესებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს, პროფესიულ და აკადემიურ ჯგუფებს, სახალხო დამცველსა და საერთაშორისო პარტნიორებს;
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ოპოზიციურ პარტიებთან პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე. თუკი ეს შეუძლებელი გახდა, შეაჩეროს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებამდე.
განცხადებას ხელს აწერენ:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
- ღია საზოგადოების ფონდი
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
- უფლებები საქართველო
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ცნობისთვის, დღეს, 17 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი დაუჭირა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს. მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად კი პარლამენტს გაეგზავნება.
NGO-ების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ გადადგმულ ნაბიჯს, სასამართლოში არსებული ე.წ. კლანი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ გადადგამდა თუ ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერა არ ექნებოდა.