პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი და ,,ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ 8 მარტის შეხვედრაზე დამსწრეთა უმრავლესობამ შინაარსი ერთნაირად გაიგო, ხოლო 2-მა ოცნების წარმომადგენელმა – სხვანაირად.
“როგორც ჩანს უმრავლესობამ, თითქმის 20 ადამიანი იყო იქ და ორის გარდა როგორც ჩანს ერთნაირად გაიგო შეთანხმების შინაარსი. პრეზიდენტის შესახებ არის ამ ტექსტში ჩანაწერი და პრეზიდენტის ხსენება გულისხმობდა იმას, რომ შეწყალება იქნებოდა გამოყენებული”, — თქვა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, შეთანხმების ტექსტში კიდევ იყო 2 მიმართება, რომლის მიხედვითაც, წარსულში არსებულ საქმეებზე, რომლებიც კითხვებს აჩენდნენ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა, ხოლო მომავალში, მსგავსი შემთხვევები იქნებოდა არიდებული.
გუშინ არჩილ თალაკვაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, ვინაიდან, მისი თქმით, 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს. თალაკვაძემ მოლაპარაკებაში მონაწილე ელჩებისგან მოითხოვა იმის საჯაროდ დადასტურება, თუ რა შეთანხმება შედგა მოლაპარაკებაზე.
ელჩებმა ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს ერთობილი განცხადებით უპასუხეს. მათი თქმით, შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება, რომელიც უნდა შესრულდეს.
,,ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“ , – წერია განცხადებაში
12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რიში აცხადებს, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან ელოდება 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, რაც “პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს”.