შეხვედრიდან 12 საათში ოპოზიციის მხრიდან ვნახეთ აბსოლუტურად დესტრუქციული ქმედება – ღარიბაშვილი

“შეხვედრიდან 12 საათში ოპოზიციის მხრიდან ვნახეთ აბსოლუტურად დესტრუქციული ქმედება “- ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„მინდა მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ რაიმე არასწორი ინტერპრეტირება არ მოხდეს გუშინდელი შეხვედრის. კონსტრუქციული შეხვედრა შედგა ბატონი შარლ მიშელის ინიციატივით. ეს შეხვედრა მის მიერ იყო ინიცირებული, რაზეც მე რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ დავთანხმდი, რადგან მიმაჩნია, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ პირობით და დათქმით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან მაგრამ, სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში. ვნახეთ, რაოდენ არათანმიმდევრული, დესტრუქციული ქმედება გააგრძელეს მათ. ვგულისხმობ, პარლამენტის პიკეტირების მცდელობას, რაც აბსოლუტურად სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოა და უფრო მეტიც, ეს ანტისახელმწიფოებრივი და უკანონო დესტრუქციული ქმედებები, რაც არ ემსახურება არც ამ დიალოგის ინტერესებს, რომელიც გუშინ დავიწყეთ და რაც მთავარია, არ ემსახურება ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი კონკრეტული სუბიექტებისა თუ სხვა მტრული ქვეყნების ინტერესებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, 1 მარტს,  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.