ამერიკელი მსახიობის და პოლიტიკოსის, არნოლდ შვარცენეგერის მაჯის საათი, რომლის არადეკლარირების გამო მსახიობი ორი დღის წინ მიუნხენის აეროპორტში დააკავეს, ავსტრიაში “შვარცენეგერის კლიმატის ინიციატივის“ ეგდით ჩატარებულ საქველმოქმედო ვახშამზე 270 000 ევროდ გაიყიდა.
მთლიანობაში ღონისძიებაზე 1.31 მილიონი ევრო შეგროვდა. მას ესწრებოდა აშშ–ს წარგზავნილი კლიმატის საკითხებში ჯონ კერი კლიმატის ცვლილების სფეროში სხვა მრავალ ვიზიონერთან ერთად. აუქციონზე ასევე გაიყიდა ხელოვნების ნიმუშები და უნიკალური საიუველირო ნაწარმი.
“გარემოს დაბინძურებასთან განგრძობადი ბრძოლის ფონზე მე ასევე ვხედავ მიღწეულ პროგრესს. ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ. დღეს ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც პრობლემის მოგვარებაში მონაწილეობა უნდა. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გარემოს დაბინძურებასთან ჩემს ბრძოლას შემოუერთდა “ –თქვა შვარცენეგერმა ვახშამზე.
შვარცენეგერს სამართლებრივი დავა ელის იმის გამო, რომ მიუნხენის აეროპორტში არ დაადეკლარირა Audemars Piguet–ის მაჯის საათი ლოს–ანჯელესიდან ჩაფრენის შემდეგ.
აეროპორტის საბაჟოს ინფორმაციით “მან არ დაადეკლარირა ნივთი, რომელიც იმპორტირებული იყო ქვეყნიდან, რომელიც არ შედის ევროკავშირში და რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე უნდა დარჩენილიყო. ეს პროცესი ყველას ეხება“– თქვა საბაჟოს პრეს–ატაშემ, ტომას მეისტერმა.
მისი თქმით, კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი გაათავისუფლეს და აეროპორტის დატოვების საშუალება მისცეს მას შემდეგ, რაც ორ საათზე მეტი გაატარა პატიმრობაში.
მსახიობი დათანხმდა წინასწარი გადახდა განეხორციელებინა მოსალოდნელ გადასახადებთან დაკავშირებით, რაც საათის ევროკავშირის ტერიტორიაზე შეტანის გამო შეიძლება დაეკისროს, თუმცა პოლიციელებმა ვერ შეძლეს ტერმინალის საშუალებით მისი ბარათიდან ფულის მოხსნა, ბანკომატებიდან თანხის გამოტანა კი შეუძლებელი აღმოჩნდა, მცირე ლიმიტის გამო. ბოლოს საბაჟოს თანამშრომლებმა შეძლეს ახალი ტერმინალის მოტანა და შვარცენეგერის საკრედიტო ბარათიდან თანხის მოხსნა.
შვარცენეგერის საათი საქველმოქმედო აუქციონზე გასაყიდად იყო განკუთვნილი და ავსტრიაშიც ამ მიზნით ჩაიტანა.