შვედეთში კლინიკაშიც ვერ მიყავდათ – იმნაძე მოხუცთა თავშესაფრის ინფიცირებულ ბენეფიციარებზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ საქართველოში მოხუცთა თავშესაფარში დაინფიცირებული ბენეფიციარები საავადმყოფოში გადაჰყავთ და ხარისხიანი მკურნალობა უტარდებათ, რაც შვედეთში ვერ მოხდა.

მისი თქმით, სამწუხარო ფაქტია, რომ ვერ მოხერხდა თავშესაფრის დაცვა და მასში0 კორონავირუსმა შეაღწია.

“მართლა ძალიან სამწუხაროა. ჩვენ გვაქვს ტრაგიკული გამოცდილება დასავლეთის ქვეყნების, სადაც თავშესაფარში შეღწეულმა ინფექციამ შვედეთში გამოიწვია ძალიან მაღალი ლეტალობა და პრობლემა იყო ის, რომ საავადმყოფოშიც ვერ მიყავდათ, შვედეთზეა ლაპარაკი, აქ საბედნიეროდ სულ ყველა, ვისაც სჭირდება დახმარება, გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდებათ მაღალი ხარისხის დახმარება”, – განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში 30-მდე ადამიანია ინფიცირებული, კორონავირუსი დაუდასტურდა წნორის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარსაც.