შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი Credit Suisse Group AG ბიძინა ივანიშვილსა და მის კომუნიკაციების მრჩეველს სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ზე ვკითხულობთ. გამოცემის ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ის ყოფილი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის საქმიანობასთან დაკავშირებული კონფიდენციალური დოკუმენტი გაასაჯაროვა. დოკუმენტი ივანიშვილის მიერ დაქირავებული საკონსულტაციო ფირმა Metigen-ის მიერ შექმნილ ვებგვერდზე CSVictims.com-ზე გამოქვეყნდა და ლესკარდონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციასა და ბანკის შიდა კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებებს შეეხებოდა.
ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სარჩელი, ლონდონის სასამართლოში უკვე დარეგისტრირდა. ივანიშვილის კომუნიკაციების კონსულტანტი ჩარლი ვიგანი Bloommerg-თან ამბობს, რომ ამ ანგარიშის შესახებ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და მედიაში აქედან არაერთი ციტატა უკვე გამოქვეყნებული იყო.
ცნობისთვის, პატრიკ ლესკადრონი ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირია და მის შესახებ დავა შვეიცარიაში, ბერმუდის კუნძულებსა და სინგაპურში მიმდინარეობს. ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესში ბერმუდის კუნძულებზეცაა ჩართული, სადაც მისი თქმით, პატრიკ ლესკადრონის თაღლითური ქმედებების გამო, $400 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა.
პატრიკ ლესკადრონმა საპატიმრო 2018 წლის ბოლოს დატოვა, რისი მიზეზიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. გამოცემის ცნობით, 2020 წელს ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.