შილდასთან ტყეში ცეცხლის ქრობის სამუშაოები გრძელდება, კერებამდე გზა გაგვყავს – საგანგებო

კახეთის რეგიონში, ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.  ინფორმაციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.

“მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სხვა ტიპის სპეციალური ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური.

ხანძრის ქრობის პროცესის პარალელურად მიმდინარეობს გზების მიყვანა ცეცხლის კერებამდე.

სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაცია”. – წერია განცხადებაში.