შიმშილობას არ წყვეტს, მკურნალობა არ მიმდინარეობს, ეს დაწესებულება საავადმყოფო არაა – სააკაშვილის ექიმი

“შიმშილობას არ წყვეტს, მკურნალობა არ მიმდინარეობს, ეს დაწესებულება საავადმყოფო არაა”- აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე, ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან გლდანის ციხეში ვიზიტის შემდეგ.

“პრეზიდენტს ჰქონდა პრობლემა წნევასთან დაკავშირებით, ამ საღამოს დარეგულირდა, არაუშავს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის გაგრძელება ასე მკურნალობა შეუძლებელია. მე მგონი, ყოველდღე ვიძახი ამას, მაგრამ რატომღაც საქართველოს მოსახლეობას არ ესმის, ან მე ვლაპარაკობ ცუდად. ყოველდღე იქნება უარესი და უარესი, თუ ასე გაგრძელდა. მაღალი წნევა ჰქონდა დღესაც და გუშინაც. ამჟამად დავასტაბილურეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ არ ექნება ეს პრობლემა ისევ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანი შიმშილობს, სჭირდება მკურნალობა, არც შიმშილობას წყვეტს, მკურნალობა არ მიმდინარეობს, ეს დაწესებულება არ არის საავადმყოფო და როგორ უნდა მოველოდოთ რამე კარგ შედეგს, შეუძლებელია ეს”, – განაცხადა ყიფშიძემ.

მანამდე, ეკა ხერხეულიძემ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არა ციხის საავადმყოფოში, არამედ შენობის მე-5 სართულზე იმყოფება, რომელიც მთლიანად ცარიელია.