“შიმშილობა პროტესტის მშვიდობიანი ფორმაა. საკითხი დგას რამდენად მოიტანს ის შედეგს.
ვერ მოიტანს. ასეთი ნაბიჯი, მითუმეტეს, როცა ის არ არის ერთიანი გააზრებული სტრატეგიის ნაწილი და მორგებულია პერსონალურ/პარტიულ ინტერესზე, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. ამიტომ, ბუნებრივია ამას ვერ მივესალმები.

რაც შეეხება ეროვნულ თანხმობას, გვერდით უნდა გადაიდოს პარტიული ინტერესები და კონკრეტული პერსონალიები. „მე, მე, მე“ მიდგომით (მუნიციპალიტეტებისადმი მიდგომის არ იყოს), თანხმობა ვერ მიიღწევა.

მაგიდაზე სახელმწიფოს, მოქალაქის ინტერესი და ზეპარტიული საკითხები უნდა დაიდოს.
ზეპარტიული ვერ იქნება კონკრეტული პირის გათავისუფლება-არგათავისუფლება ან ოპონენტის პოლიტიკური ველიდან გაქრობა. ზეპარტიულია ძალაუფლების დანაწილება და კონსტიტუციური მოწყობის ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც გამორიცხავს ერთპარტიულ მმართველობას, მართლმსაჯულების სისტემის რეალური

დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემის ფუნქციურობა, ოკუპაცია და საგარეო კურსი და ა.შ.
ამაზე შეთანხმებით ნახავს სარგებელს სახელმწიფო და მოქალაქე, მათ შორის ის მოქალაქე, რომელიც საკუთარ თავზე განიცდის სისტემის მანკიერებებს.

სხვაგვარად, დაკმაყოფილდება მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესი და მოქალაქეს რა? მანკიერ სისტემაში და მოშლილ სახელმწიფოში განაგრძოს არსებობა?

მნიშვნელოვანია ეს ყველამ გაითავისოს და პრეზიდენტის ინიციატივა გამოიყენოს როგორც შანსი პოლარიზაციის დასრულების და დღის წესრიგში მოქალაქეთა რეალური პრობლემების დაბრუნების”

აცხადებს პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი.