შინედ ო’კონორის წარმომადგენლებმა ტრამპს მოთხოვეს მისი მუსიკა წინასაარჩევნო ღონისძიებებზე არ გამოიყენოს

გასულ წელს გარდაცვლილი ირლანდიელი მომღერლის Sinead O’Connor-ის წარმომადგენლებმა დონალდ ტრამპს მოთხოვეს, შეწყვიტოს მისი სიმღერების გამოყენება წინასაარჩევნო მიტინგებზე.

თებერვალში ო’კონორის ყველაზე ცნობილი სიმღერა „Nothing Compares 2 U“ტრამპის პოლიტიკური მიტინგის დროს მერილენდში შესრულდა.

„გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ შინედი შეურაცხყოფილი და განაწყენებული იქნებოდა, რომ მისი ნამუშევარი ამგვარად დაამახინჯა იმ ადამიანმა, რომელსაც თავად „ბიბლიურ ეშმაკს“ უწოდებდა“, – განუცხადა მომღერლის ოჯახმა მედიას.

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ შინედ ო’კონორი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იცავდა მტკიცე მორალურ კოდექსს, რომელიც განსაზღვრული იყო პატიოსნებით, სიკეთით, სამართლიანობითა და წესიერებით თანამემამულეების მიმართ“, – ნათქვამია ო’კონორის წარმომადგენლებისა და Chrysalis Records–ის ერთობლივ განცხადებაში.

”ასე რომ, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ დონალდ ტრამპმა გამოიყენა მისი საკულტო ჰიტი Nothing Compares 2 U თავის პოლიტიკურ ღონისძიებაზე, ჩვენ აღშფოთება დაგვეუფლა. როგორც მისი მემკვიდრეობის მცველები, მოვითხოვთ, რომ დონალდ ტრამპმა და მისმა დამხმარეები დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მისი მუსიკის გამოყენება“, – ნათქვამია განცხადებაში.

შინედ ო’კონორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალი გასული წლის ივლისში ლონდონის სამხრეთით მდებარე ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტების თქმით, მისი გარდაცვალება ბუნებრივი მიზეზით მოხდა.

Guardian-ის ცნობით, 24 თებერვალს მერილენდში ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს, Nothing Compares 2 U-ის გარდა, სხვა ჰიტებიც გაისმა, მათ შორის ABBA-ს Dancing Queen, Johnny Cash’s Ring Of Fire და Elvis Presley–ს Suspicious Minds.

რომელმა მომღერლებმა მოითხოვეს   კიდევ ტრამპის მიერ მათი მუსიკის გამოყენების შეწყვეტა?

2018 წელს ამერიკელი მომღერალი რიანა ტრამპს სამართლებრივი მოქმედებით დაემუქრა მას შემდეგ რაც აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ერთ-ერთ მიტინგზე გამოიყენა მისი სიმღერა Don’t Stop The Music. მისმა იურიდიულმა გუნდმა განაცხადა, რომ მომღერალს არანაირი კავშირი არ აქვს ტრამპთან და არ უჭერს მხარს მის კამპანიას;

Rolling Stones-მა თქვა, რომ მათ 2016 წელს გაუგზავნეს წერილები ტრამპს, რათა შეეწყვიტა სიმღერა „You Can’t Always Get What You Want“–ს გამოყენება. 2020 წლის ივნისში მან კვლავ გამოიყენა სიმღერა ერთ-ერთ ღონისძიებაზე: ჯგუფი დაემუქრა ტრამპს იურიდიული ქმედებით, თუ მას ხელახლა დაუკრავდნენ;

იტალიელი საოპერო მომღერლის ლუჩიანო პავაროტის ოჯახი ეწინააღმდეგება ტრამპის მიერ მისი არიის Nessun Dorma-ს გამოყენებას. პავაროტის ოჯახი ამბობს, რომ ტრამპის შეხედულებები იმიგრაციასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება საკულტო ოპერის მომღერლის ლტოლვილებისთვის სახსრების მოზიდვის ძალისხმევას;

2016 წელს ტრამპმა პოლიტიკურ ღონისძიებაზე გამოიყენა ბრიუს სპრინგსტინის სიმღერა Born In The USA. მომღერალმა შემდგომში მხარი დაუჭირა ტრამპის კონკურენტს, ჰილარი კლინტონს, რამაც გამოიწვია ის, რომ ყოველ ჯერზე, როცა ყოფილი პრეზიდენტი იყენებდა მას თავის მიტინგებზე, მისი მხარდამჭერები სტვენით ხვდებოდნენ ამ სიმღერის ჩართვას.

მომღერალმა ადელმა თქვა, რომ არ სურდა მისი მუსიკა გამოეყენებინათ პოლიტიკურ კამპანიებში მას შემდეგ, რაც 2016 წელს ტრამპის კამპანიის ღონისძიებებზე გაისმა სიმღერები, როგორიცაა “Rolling In The Deep” და “Skyfall”;

სერ ელტონ ჯონმა ისაუბრა დონალდ ტრამპის მიერ Rocket Man-ისა და Tiny Dancer-ის სიმღერების გამოყენების წინააღმდეგ. მისი თქმით, ეს არ იყო რამე პირადული, მაგრამ დასძინა, რომ მისი პოლიტიკური შეხედულებები ძალიან განსხვავდება ტრამპის შეხედულებებისგან. გარდა ამისა, ბრიტანელი მუსიკოსის თქმით, მას ადგილი არ აქვს ამერიკულ პოლიტიკაში.