“შობა მარტო 6 იანვარი არ არის და იქნებ რელიგიების სააგენტოს გაკეთებული კალენდარი ამაში მაინც გამოიყენოთ და ნახოთ რა საზოგადოებას ემსახურებით…”,- ასე ეხმიანება მთავრობის შეზღუდვებს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე.
ქვეყანაში კომენდანტის საათი 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე საღამოს 21:00-დან დაიწყება და დილის 05:00 საათამდე გაგრძელდება. გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე. შეზღუდვები არ იხსნება იმ დღეებში, როდესაც შობას სხვა რელიგიის წარმომადგენლები ზეიმობენ.
გოცირიძის თქმით, დასვენების დღეები მხოლოდ ერთი რელიგიის წარმომადგენლების დღესასწაულს, კერძოდ, მართმადიდებლების მიერ შობის აღნიშვნას ეხება.
“პრემიერმა განცხადება გააკეთა, სადაც ერთ სეკულარულ დღესასწაულზეა საუბარი – ახალ წელზე, რომელიც ყველას გვეხება და ერთ რელიგიურ დღესასწაულზე, რომელიც ერთი კონკრეტული რელიგიის თემის ერთ ნაწილს ეხება. ჩვენ უკვე მესამე კვირაა, როგორც კი 1 000-ს ასცდა მაჩვენებელი, მსახურებები ისევ შევწყვიტეთ. შობის დღესასწაული მრევლისთვის მაინც არ იქნებოდა, რადგან მე ვიცი, რომ შობა, ახალი წელი და აღდგომა კორონამ არ იცის, აქ სახელმწიფოს მიდგომაზეა საუბარი”, – აცხადებს გოცირიძე ფორმულასთან საუბრისას.