შოიგუ დეზინფორმაციას ავრცელებს–ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვამ მის ახალ ანგარიშში რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებაზე გააკეთა კომენტარი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეტევის ტემპების სპეციალურად შენელებას ეხებოდა, თითქოსდა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის ასარიდებლად:

  • 24 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში განაცხადა, რომ რუსეთი შეგნებულად ანელებს უკრაინაში მისი სამხედრო კამპანიის ტემპებს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მინიმიზაციისთვის.
  • ეს უდიდესი ალბათობით წინასწარგანზრახული დეზინფორმაციაა. რუსეთის შეტევა შეფერხდა რუსი სამხედროების ცუდი მუშაობის და უკრაინის სასტიკი წინააღმდეგობის შედეგად. რუსი სამხედროები უკრაინაში მოქმედებისას არაერთხელ არღვევდნენ დაგეგმილ ოპერატიულ ვადებს.
  • მაღალია ალბათობა , რომ შოიგუმ და პრეზიდენტმა პუტინმა თანამდებობიდან მოხსნეს მინიმუმ 6 გენერალი იმის გამო, რომ ისინი არასაკმარისად სწრაფად მიიწევენ წინ.
  • შოიგუს გამოსვლის დღეს ახლო სიშორის ბალისტიკური რაკეტა,  რომელიც ისკანდერის კომპლექსმა გამოუშვა, ქალაქ ჩაპლინოში მატარებელს მოხვდა, რის შედეგად მინიმუმ 2 ბავშვი დაიღუპა.
  • ეს ადასტურებს რუსეთის მზადყოფნას, თანმდევი ზიანი მიაყენოს, როცა ის თვლის, რომ აქვს სამხედრო უპირატესობა სარაკეტო ან საარტილერიო დარტყმების თვალსაზრისით.