შრომითი ურთიერთობა მინიმუმ 78 000 დასაქმებულს შეუწყდა ან შეუჩერდა – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, შრომითი ურთიერთობა პანდემიის პირობებში სულ მცირე 78 000 ადამიანს შეუწყდა ან შეუჩერდა.

უწყების ცნობით, ამდენი ადამიანის შესახებ მიაწოდეს მათ დამსაქმებლებმა ინფორმაცია, თუმცა რეალურად ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს.

შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს შეახსენებს, რომ მათ ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა.

უწყების განცხადებით, 20 000-მდე დამსაქმებელს უკვე აქვს წარდგენილი ინფორმაცია 78 000 დასაქმებულის შესახებ, თუმცა უწყების მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს.

შემოსავლების სამსახური დამსაქმებლებს მოუწოდებს, შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები.

უწყება აღნიშნავს, რომ დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ისინი ამოწმებენ აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 2 დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს გადასცემს.სააგენტო დასაქმებულებზე კომპენსაციას 10 დღის ვადაში გასცემს

იმ ადამიანების ნაწილი, ვისაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა და ან შეუჩერდა, კომპენსაციის სახით, 6 თვის განმავლობაში თვეში 200-ლარიან დახმარებას მიიღებს.