დავაკავეთ პირი, რომელიც ქუთაისში ლიბერთი ბანკის შენობაში იარაღით შეიჭრა -შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს პირი, რომელსაც ქუთაისში ლიბერთი ბანკის ფილიალზე თავდასხმა ედება ბრალად.

უწყებაში ამბობენ, რომ 29 იანვარს ბრალდებული შეიჭრა ბანკის შენობაში და პისტოლეტის მუქარით მოლარე-ოპერატორებს ფული მოსთხოვა, თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მათივე თქმით, ის მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

დაკავებულს ბრალად ედება ყაჩაღობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.