გვიან ღამით,გირჩი მეტი თავისუფლების წევრი, გელა ხასაია დააკავეს – შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გელა ხასაია და 1998 წელს დაბადებული ვ.ქ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ რ.ჩ-ს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.ხ. და ვ.ქ. ბრალდებულების სახით დააკავეს”. – წერს შსს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაცია თავდაპირველად ხასაიას დაკავების შესახებ, კოალიცია”ცვლილებისთვის” პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ანა ყურაშვილმა გაავრცელა.
გელა ხასაიას ადვოკატი, ომარ ფურცელაძე ვარაუდობდა, რომ მისი დაკავება ეხებოდა 1 სექტემბერს, სადგურის მოედანზე მომხდარ კონფლიქტს, რომელსაც გელა ხასაია შეესწრო. ფურცელაძე ხაზგასმით ამბობდა, რომ სიტყვიერი დაპირისპირება ხასაიასთვის უცნობ პირებს შორის მოხდა.
- “ამ ეტაპზე გამომძიებლის ზეპირსიტყვიერი შეტყობინებით და იმით, თუ რა უთხრეს გელას უშუალოდ საგამოძიებო უწყებაში, ვიცით, რომ სავარაუდოდ, გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს 120-ე მუხლის მეორე ნაწილით. თუმცა, მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, რაც ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას იმ პირის მიერ, ვინც ნასამართლევია ჯანმრთელობის დაზიანებისთვის ან და სხვა მძიმე დანაშაულისთვის, ცხადი და ერთმნიშვნელოვანია, რომ გელა ხასაიასთან ეს მუხლი რელევანტური არ არის. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ზეპირად გაჟღერებული მონაცემები და ბრალის დადგენილებაში ფაქტობრივად ასახული ბრალდება ვერ დაემთხვევა, თუმცა, იქამდე, სანამ გადმოგვეცემა, ბუნებრივია, დაზუსტებით ვერ ვიძახით.შემთხვევა არის მინიმუმ 1 თვის ხანდაზმულობის, საუბარია გარკვეული ტიპის კონფლიქტზე, რომლის მონაწილეც გელა ხასაია არ ყოფილა არავითარ შემთხვევაში, თეორიულად იგი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც შესაძლოა, რაიმე ინფორმაციას ფლობდა ამ ფაქტთან დაკავშირებით.ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გელასთან კომუნიკაციით, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც გელამ მოისმინა პოლიციაში თანამშრომლებისგან, ვვარაუდობთ, რომ მოსალოდნელი ბრალი შეიძლება იყოს მათ შორის გარკვეული ტიპის დანაშაულის შეუტყობინებლობა. ის, რომ თვითონ არ ყოფილა არავითარი კონფლიქტის მონაწილე, ეს ცხადი და ერთნიშვნელოვანია, ამის დადასტურება იქნება შეუძლებელი.სავარაუდოდ, საუბარი უნდა იყოს, ზეპირსიტყვიერი განმარტებიდან გამოვდივართ ისევ, პირველ სექტემბერს სადგურის მოედნის მიმდებარედ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სადაც გელასთვის უცნობი პირები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ამ ფაქტის მონაწილე, ერთერთი შემსწრე იყო გელა ხასაია” – ამბობს ფურცელაძე.