შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუდაურში მდებარე ინდური რესტორნის მეორე სართულზე მოწყობილ საძინებელ სივრცეში 12 ადამიანის ცხედარი ნახეს. სავარაუდოდ ისინი ამავე ობიექტში დასაქმებული ადამიანები არიან.
შსს–ს ინფორმაციით სავარაუდოდ 12 ადამიანი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ასევე, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, საძინებელი ოთახების სიახლოვეს, შიდა, დახურულ სივრცეში განთავსებული იყო გენერატორი, რომელიც გუშინ, სავარაუდოდ მას შემდეგ ჩართეს, რაც ობიექტს დენის მიწოდება შეუწყდა.
გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა.
ფაქტთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ – კრიმინალისტები, მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ასევე გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა.