შსს-მ დააკავა ახალგაზრდა, რომელმაც მდინარეში დიდი რაოდენობით ბოთლები ჩაყარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 2001 წელს დაბადებული რ.შ, რომელმაც წყალში დიდი რაოდენობით ბოთლები ჩაყარა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე მდინარე ქციაში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლი გადაყარა, რითიც აღნიშნული მდინარე დააბინძურა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სამართალდამცველებმა კანონდამრღვევი პირის იდენტიფიცირება მალევე შეძლეს და ბრალდებულის სახით ბოლნისში დააკავეს.

წყლის დაბინძურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,– აცხადებს უწყება.