შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი, რომელიც მოქალაქეებს მართვის მოწმობის შეძენას სთავაზობდა.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა Telegram-ში შექმნა ჯგუფი სახელწოდებით – MODGOVGE INFO და დაინტერესებულ პირებს, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, მართვის მოწმობის არაკანონიერი გზით შეძენას სთავაზობდა. მათივე განცხადებით, დაკავებული მოქალაქეებს ერთერთი უცხოური ელექტრონული საფულის და ქართული ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშზე ვითომდა მომსახურების საფასურს – გარკვეულ თანხებს არიცხვინებდა და მათ კუთვნილ თანხებს თაღლითური გზით ეუფლებოდა, თუმცა მართვის მოწმობებს არ უმზადებდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.