შსს-მ დააკავა პირი, რომელიც მოქალაქეებს მართვის მოწმობის შეძენას სთავაზობდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი, რომელიც მოქალაქეებს მართვის მოწმობის შეძენას სთავაზობდა.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა Telegram-ში შექმნა ჯგუფი სახელწოდებით – MODGOVGE INFO და დაინტერესებულ პირებს, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, მართვის მოწმობის არაკანონიერი გზით შეძენას სთავაზობდა. მათივე განცხადებით, დაკავებული მოქალაქეებს ერთერთი უცხოური ელექტრონული საფულის და ქართული ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშზე ვითომდა მომსახურების საფასურს​ – გარკვეულ თანხებს არიცხვინებდა და მათ კუთვნილ თანხებს თაღლითური გზით ეუფლებოდა, თუმცა მართვის მოწმობებს არ უმზადებდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.