შსს–მ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში მცხოვრები 4 პირი: 1991 წელს დაბადებული ნ.მ., 1997 წელს დაბადებული ი.გ., 1988 წელს დაბადებული ფ.ნ. და 1999 წელს დაბადებული ა.ხ. დააკავეს. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებათ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მცხოვრებ, 1996 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, შურისძიების მოტივით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. კერძოდ, იგი იძულებით ჩასვეს ავტომობილში, წაიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ, ბრალდებულებმა ი.მ. სოფლის ცენტრალურ მოედანზე გამოიყვანეს და იქაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”,- აცხადებს შსს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.