შსს-მ კლინიკა ვივა მედის დაცვის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე 2 პირი დაკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კლინიკა ვივა მედის დაცვის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე თბილისში, ცხელ კვალზე, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, 1977 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, 1995 წელს დაბადებული შ.ბ.-ს კი – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კლინიკა “ვივამედის“ უსაფრთხოების თანამშრომელს – 1995 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც ბრალდებულმა ზ.გ.-მ უსაფრთხოების თანამშრომელს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაკავებული ზ.გ.-ის მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებული შ.ბ.-ის მიმართ კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას“,- აცხადებს შსს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულები კლინიკაში მათი ნათესავის გარდაცვალების შემდეგ შეიჭრნენ. დაჭრილი დაცვის თანამშრომლის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.