შსს-მ “ლელოს” წევრზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავა

შსს–მ „ლელოს“ წევრ გიორგი გლურჯიძეზე თავდასხმაში ბრალდებული პირი დააკავა.

1988 წელს დაბადებული გ.დ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, 2020 წლის 4 სექტემბერს, თბილისში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს“, – აცხადებს შსს.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ „ლელო საქართველოსთვის“ აქტივისტს გიორგი გლურჯიძეს გუშინ დიდ დიღომში, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. გლურჯიძე ამბობდა, რომ მას 3 პიროვნება დაესხა თავს, თუმცა შსს–მ ჯერჯერობით მხოლოდ 1 დააკავა.

ლელოს დიდუბე–ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან სამუშია ამბობს, რომ გლურჯიძე მისი მხარდამჭერობის გამო სცემეს. მისი თქმით, ამ საქმეს ბოლომდე ჩაყვება.