შსს-ის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი იურისტებს, რომლებიც ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრებ ბავშვებს იცავენ, პანსიონის დირექტორის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოსაწერად რომელიმე ბავშვის მინდობილობას სთხოვს.არგანაშვილი განმარტავს, რომ უწყება ორგანიზაციას იზოლირებულად მყოფი ბავშვების იურიდიული დოკუმენტების მოპოვებას სთხოვს. ამის შესახებ, ანა არგანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს გუშინ მივმართეთ ნინოწმინდის ბავშვთა სახლის დირექტორის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით. დღეს გვპასუხობენ, რომ სანამ რომელიმე ბავშვის მინდობილობას არ წარვადგენთ, ვერ გვეტყვიან დაიწყეს თუ არა შემაკავებელის გამოცემაზე მუშაობა.
მინდობილობას გვთხოვენ იმ ბავშვებზე, რომელიც სამი წელი ჩაკეტილები არიან და ნოტარიუსთან კი არა, სკოლაში არ უშვებენ. (მინდობილობის ასაღებად საჭიროა ამ ბავშვების მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ნოტარიუსთან დამოწმებით).
აი, ამიტომ არ უნდა აქო არცერთი სახელმწიფო უწყება, კრიტიკულ მომენტში ასე რომ არ მოიქცნენ.
ჩვენ რა თქმა უნდა მაინც დავიცავთ ბავშვებს, თქვენი ეს ქმედება (უმოქმედობით ბავშვების უფლების დარღვევა) კი ისტორიას და გაეროში საქმისწარმოებას დარჩება”,-წერს ანა არგანაშვილი.