შსს-მ პოზნერი და რუსეთიდან მასთან ერთად ჩამოსული 31 პირი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერი და მისი 31 მეგობარი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმა.

რაც შეეხება სხვა პირებს, შსს–ს ინფორმაციით 41 პირიდან 9 პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ასკ-ის 42(10) – ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს.

ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან 9 პირს, იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. გვიან ღამითვე დაჯარიმდა სასტუმრო “ვინოტელი”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ“, – განაცხადეს შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში სტუმრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. ის საქართველოში დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდა, თუმცა ქართველი აქტივისტების პროტესტის გამო, ის იძულებული გახდა თბილისი ვადაზე ადრე, ჩარტერული რეისით დღეს გამთენიისას დაეტოვებინა.

საპროტესტო აქციები გაიმართა როგორც სასტუმრო “რუმსთან”, სადაც პოზნერი დაბინავდა, ასევე  “ვინოტელთან”, სადაც პუტინის მეგობრებმა ივახშმეს.