შსს-მ საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის დარღვევისთვის ბოლო 24 საათში 127 პირი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის, მათ შორის ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ფაქტი გამოვლინდა.

სამართალდამცველებმა, 6 აპრილის საღამოს 9 საათიდან, 7 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 112 მოქალაქე დააჯარიმეს.

გარდა ამისა, პოლიციამ, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 28 მოქალაქე დააჯარიმეს

შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 27 პირი დააჯარიმეს.

შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.