შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სენაკში, 8 აგვისტოს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავა.
შსს–ს ინფორმაციით, ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, სოფელ ძველ სენაკში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შევიდა, სახლში მყოფ ადამიანებს იარაღის მუქარით მობილური ტელეფონები და ფული გასტაცა. სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკის დროს ამოიღეს ყაჩაღობის გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი პისტოლეტი, მჭიდი და 5 ცალი ვაზნა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.
ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ და მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.