შსს-ს ცნობით, 2019 წელს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გამოკვეთილი ახალი გარემოებების საფუძველზე, 2019 წლის 23 ივნისს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედაში მცხოვრები, წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული გ.ფ. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავისა და სახის არეში ბლაგვი საგნის გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა 1932 წელს დაბადებულ მ.კ.-ს.

სხეულზე მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად მ.კ. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

დანაშაულის ჩამდენი პირი გ.ფ. სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობით, გ.ფ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების ბ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც  20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.