შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია ფორმულას, შაბათის ფორმულაში გასული სიუჟეტის გამო უჩივის. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საქმე ეხება შაბათის ფორმულას საგამოძიებო რეპორტაჟებს, რომლებშიც საუბარი იყო იმაზე, რომ პოლიცია სექს-მუშაკებს კომენდანტის დროს ესკორტად ემსახურება. ასევე შაბათის ფორმულამ გაარკვია ვინ მართავს შკოდას სახელმწიფო ნომრით, რომელმაც სექსმუშაკი, სუტინიორთან ერთად კომენდანტის საათის დროს, ფორმულას მიერ შერჩეულ მისამართზე მიაცილა. ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა ავტომობილი ოპერატიული ნომრებით – ვაკე-საბურთალოს მე-7 განყოფილებასთან დააფიქსირა. რამდენიმე დღიანი დაკვირვების შემდეგ, გაირკვა რომ შკოდას ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე მართავს.
უწყებაში ამბობენ, რომ “ტელეკომპანიის და კონკრეტულად სიუჟეტის ავტორის მიერ კვლავ განმეორდა სიცრუის გავრცელება მტკიცებით ფორმაში, თითქოს პოლიციელები კანონს არღვევენ და პროსტიტუციაში ჩაბმულ მოქალაქეებს მფარველობენ”.
“დღევანდელ სიუჟეტში მათ კვლავ გაიმეორეს კადრები, სადაც აპელირებენ თეთრი ფერის, “შკოდას” მარკის ავტომობილის გადაადგილებაზე, თუმცა ვერც წინა შემთხვევებში და ვერც დღეს ტელეკომპანიამ მაყურებელს პოლიციელების მხრიდან კანონდარღვევის ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარუდგინა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიუჟეტში მათ მიერ დასახელებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გადაცემაში ნახსენებ კონკრეტულ დროს არ იმყოფებოდა მათ მიერ დასახელებულ ადგილას და არ გადაადგილდებოდა კადრებში ნაჩვენები სახელმწიფო ნომრიანი ავტომობილით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დატოვებს რეაგირების გარეშე ტელეკომპანია ფორმულას მიერ არაერთხელ მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, უახლოეს დღეებში მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას და საკუთარი თანამშრომლების ღირსებას სასამართლოში დაიცავს”, – აღნიშნულია განცხადებაში.