პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმებას ვერავის მოსთხოვს.
მისი თქმით, ამ ჯარიმების გაუქმება პარლამენტის პრეროგატივაა.
პრემიერის თქმით, ჯარიმა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის იყო შემაკავებელი ინსტრუმენტი და ჩვენ ეს შემაკავებელი ინსტრუმენტი საკმაოდ ეფექტურად გამოვიყენეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა რეკომენდაციებმა ეფექტურად არ იმუშავა.
,,დაჯარიმებული მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც სხვადასხვა სახის სერიოზული შეზღუდვა დაარღვიეს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში იყო დაწესებული, იყო 9 ათასი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება და არავინ არ იცის, ჩვენ ასეთი შემზღუდავი ინსტრუმენტების გამოყენება, კიდევ როდის და რა მოცულობით მოგვიწევს. ამიტომ, აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვერავის ვერ მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას. ეს ყველას უნდა გვესმოდეს, რამეთუ შემდგომში ამ ინსტრუმენტების შემაკავებელი ძალა არ იმუშავებს”, – თქვა გახარიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჯარიმების გარკვეული ნაწილი გადასახედია.
“მესმის, რომ ჯარიმების გარკვეული ნაწილი გადასახედია შემდგომისთვის და ჩვენ ამას გავაკეთებთ. თუმცა, ასევე კარგად მესმის, რომ ეს არის საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივა და ჩვენ აქ ვერანაირ დერიქტიულ მითითებას ვერ მივცემთ პარლამენტს”, — განაცხადა გახარიამ