“„ჩამოხრჩობის გეგმა არ არსებობს.ჩვენ ფაქტობრივად ტერორისტების წინააღმდეგ ვიბრძოდით და არა მომიტინგეების წინააღმდეგ” – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი Fox News-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ირანს ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით დემონსტრანტების ჩამოხრჩობის და სიკვდილით დასჯის გეგმები არ აქვს.
„ჩამოხრჩობის გეგმა არ არსებობს. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ჩამოხრჩობის საკითხი არ დგას… ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას. ჩვენ არ ვცდილობთ დაძაბულობის მაღალ დონეს, რაც შეიძლება ყველასთვის კატასტროფული იყოს“, – თქვა არაღჩიმ.
აბას არაღჩიმ ასევე უარყო ინფორმაცია, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა და განაცხადა, რომ მკვლელობები „ისრაელის შეთქმულების“ გამო მოხდა, რომელიც დიდი რაოდენობით მსხვერპლის გამოწვევას ისახავდა მიზნად.
„როდესაც გარედან ტერორისტული ელემენტები შემოვიდნენ ამ საპროტესტო აქციებში, დაიწყეს პოლიციის ძალების, პოლიციის თანამშრომლებისა და უსაფრთხოების ძალების მიმართულებით სროლა. იქ იყვნენ ტერორისტული ჯგუფები.ისინი შემოვიდნენ და გამოიყენეს „დაეშის“ სტილის ტერორისტული ოპერაციები. მათ პოლიციელები დაიჭირეს, ცოცხლად დაწვეს, თავები მოჰკვეთეს და დაიწყეს სროლა პოლიციელებისა და ასევე ხალხის წინააღმდეგ. შედეგად, სამი დღის განმავლობაში ჩვენ ფაქტობრივად ტერორისტების წინააღმდეგ ვიბრძოდით და არა მომიტინგეების წინააღმდეგ.
უნდა ავხსნა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ სურდათ მსხვერპლის რაოდენობის გაზრდა. რატომ? იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მკვლელობები მოხდება, ის ჩაერევა. მათ სურდათ მისი ამ კონფლიქტში ჩათრევა. ეს ზუსტად ისრაელის შეთქმულება იყო. მათ სიკვდილიანობის რაოდენობის გაზრდა დაიწყეს ჩვეულებრივი ადამიანების, პოლიციელების მკვლელობით, სხვადასხვა ქალაქში ერთგვარი ბრძოლის დაწყებით“, – თქვა არაღჩიმ.















