ჩაწიკწიკებული საარჩევნო რეფორმა მივიღეთ! – ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ეხმიანება საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას. მისი თქმით, “ჩაწიკწიკებული” საარჩევნო რეფორმა მიღებულია.

“აი ესაა ზუსტად ჩაწიკწიკებული საარჩევნო რეფორმა! ვთქვით, შევალთ პარლამენტში და ამ რეფორმას მივიღებთ თქო – შევედით და მივიღეთ!

ახლა რთულია რეფორმის სიკეთეების ახსნა, მაგრამ არჩევნების დღე, საღამო და მეორე დღის სიმშვიდე ყველაფერს მკაფიოდ და ნათლად აჩვენებს. მიუხედავად იმისა, რომ ათასგვარი სისაძაგლე დაგვაბრალეს, დაუმსახურებლად გვლანძღეს, ჩვენ მაინც ჯიუტად გავიტანეთ ეს რეფორმა! ასევე ჯიუტად გავიტანთ ყველაფერს, რაც საქართველოს უკეთეს ქვეყნად აქცევს!”- წერს ელისაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

საარჩევნო რეფორმის თანახმად, გაიზრდება პროპორციული წილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მაჟორიტარული არჩევნებისთვის კი 40%-იანი ბარიერი დაწესდა.

იცვლება როგორც კენჭისყრის და არჩევნების შედეგების შეჯამების, ასევე კანონით განსაზღვრული გასაჩივრების წესი და ვადები. შემოთავაზებულია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობის განსაზღვრის ახალი წესი.

საარჩევნო კომისია დაკომპლექტდება 8+9 პარიტეტის პრინციპით. ცესკოს თავმჯდომარე ახალი წესით აირჩევა. საარჩევნო ადმინისტრაცია სამივე დონეზე შერეული სახის იქნება – 7 პროფესიული და 9 – პარტიების მხრიდან დანიშნული წევრით. გარდა ამისა, ცესკოს თავმჯდომარე ოპოზიციური იქნება.

კანონპროექტის მიხედვით, დაუშვებელი ხდება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვაც.

ასევე, მოხდება ელექტრონული ტექნოლოგიების, ასევე უბნების 10%-ით შემთხვევითი გამოვლენის და მათი გადათვლის პრინციპის გამოყენება. აიკრძალება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის შემდეგ უბნის მიერ შესწორების ოქმის შედგენა და ოლქის მიერ შესწორების ოქმის მხოლოდ გადათვლის შედეგად შეცვლა და სხვა.