17 აპრილს ღამით მთავრობის კანცელარიასთან ჩემს წინააღმდეგ იძალადა დაახლოებით ხუთმა პოლიციელმა, ეს ყველაფერი კადრებში ჩანს, გადაღებულია. სახეზე ჩანს ისინი, თითოეული მათგანი და დამნაშავეების ამოცნობა და შესაბამისად, დასჯა იყო ძალიან მარტივი. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე ვიყავით მე და ჩემი ადვოკატი, ამის შემდეგ დაახლოებით 20 დღე გავიდა და რა მოხდა?! – არც არავინ დაუკავებიათ, არც არავისთვის ბრალი წარუდგენიათ და კიდევ უფრო მეტი, დაზარალებულადაც არ მცნეს.
სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, მაგრამ ვარ პარლამენტის წევრიც – მიცავს იმუნიტეტი, ხელშეუხებლობის მაღალი გარანტიები მაქვს წესით, არადა ჩემს წინააღმდეგ ბანალურ და მარტივ ძალადობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ყურს არ იბერტყავს არც ხელისუფლება და არც ეს რაღაც უდღეური ორგანიზაცია – საგამოძიებო სამსახური. სინამდვილეში საქმის ჩაფარცხვაც არ არის ეს, ეს არის მოძალადე პოლიციელების წახალისება, რომ მათ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და არა მხოლოდ დეპუტატზე იძალადონ, არამედ ნებისმიერ აქციის მონაწილეზე. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ასეთ მოძალადე, სამარცხვინო და ტერორისტულ ორგანიზაციად გადაიქცა, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება.