გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა:
“ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი მოქალაქისთვის გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტის მხრიდან. თუმცა როგორც პოლიტიკოსს მესმის ამ გადაწყვეტილების განმარტებები, რომლებიც იქნა გაკეთებული. მე ვისაუბრე და კიდევ უფრო გამიმყარდა ჩემი რწმენა იმაში, რომ ოპოზიცია მიმართული იყო მაქსიმალურად იმისკენ, რომ არსებული საარჩევნო სისტემა, რომელზეც იყო საუბარი ზოგადად, ცვლილება რომელიც უნდა განხორციელდეს, ეს ცვლილება ვერ განხორციელებულიყო და ეს სერიოზულ ზიანს მოუტანდა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ისინი მიმართული იყვნენ ზუსტად იმ განწყობით, რომ ეს საარჩევნო სისტემა ვერ მიღებულიყო, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. დანარჩენს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვაჩვენებთ ყველას.
კითხვას, იცოდა თუ არა მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ კალაძე პასუხობს, რომ ეს ინფორმაცია მმართველ გუნდს არ ქონდა.
“სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვქონდა. რა თქმა უნდა, როდესაც აპელირება მიდიოდა 8 მარტის შეთანხმებაზე, მე ვსაუბრობდი, რომ ეს არ ყოფილა შეთანხმების საფუძველი და ვერ იქნებოდა, რადგან ვერც პარლამენტი და ვერც მთავრობა ვერ მიიღებდა ამ გადაწყეტილებას. და შესაბამისად, შეთანხმება ვერ შედგებოდა ისეთ რაღაცაზე, რომლის შესრულების შესაძლებლობა არ არსებობდა.პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს 8 მარტის შეთანხმებასთან.“ –ამბობს კალაძე და ამტკიცებს, რომ პატიმრების გამოშვება მარტის შეთანხმების საგანი არ ყოფილა და ხელისულება მხოლოდ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით აღებულ პასუხისმგებლობას აღიარებს.
კალაძე ოცნების მხარდამჭერებსაც მიმართავს:
“მინდა მივმართო ჩვენს მხარდამჭერებს, არცერთი ნაბიჯი უკან, არავითარი თავდახრა. ჩვენ ყველას ვაჩევნებთ არჩევნებზე, რას წარმოადგენს ქართული ოცნება და როგორი მხარდაჭერა აქვს ქართველი ხალხის მხრიდან.“– ამბობს თბილისის მერი.